20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
წყნეთი-ახალდაბის ჩანგრეული გზა, შეჩერებული სამუშაოები და გამგეობის ავტომობილის იმედად მყოფი მოსახლეობა

ვაკის გამგებლის მოადგილე დღეს კამერის წინ იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ წყნეთი -ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩაინგრა სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით,  პრობლემური მონაკვეთი ერთ თვეში უნდა იყოს დასრულებული, თუმცა ამ დროისთვის გზაზე მძიმე ტექნიკაც არ დგას. ადგილობრივებს კი ყოველდღე სახიფათო მონაკვეთზე 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. სოფელ ახალდაბაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ შედის.

რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს  ადგილზე ჩასულებს მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა.  ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თანდასწრებით პრობლემებზე ვერ ისაუბრეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნინო მარღიშვილმა პირად საუბარში განაცხადა, რომ გზის პრობლემაზე ვეღარ დაგველაპარაკებოდა. პირად საუბარში ასევე თქვეს ისიც,  რომ თუ სოფლის პრობლემებზე ისაუბრებდნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებულ სახლებს აღარ შეუკეთებდნენ.

გზის ჩამონგრევის გამო  სოფლამდე ვეღარ მიდის მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა გამგებლის მოადგილე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გადაღების პროცესს აკვირდებოდა, ამბობს რომ გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს.

დასრულდება თუ არა წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები ერთ თვეში უცნობია. მანამდე კი 140 ოჯახი ვაკის გამგეობის პატარა ავტომობილის იმედად რჩება რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივებს მუნიციპალურ ტრანსპორტამდე მისვლაში ეხმარება.

ავტორები:მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია.

დღის ამბები