20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მესამე სექტორი ლევან მურუსიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

მესამე სექტორი ეჭვობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, გადაცემა პოლიტიკაში სტუმრების შერჩევაში პირადად მონაწილეობდა.

არასამთავრობეობის განცხადებით, ლევან მურუსიძეს ამ პროცესში იმედის გენერალური დირექტორის მხარდაჭერაც ჰქონდა. 18 დეკემბრის გადაცემა პოლიტიკაში, არასამთავრობოების მტკიცებით, მურუსიძეზე სასაუბროდ სასურველი მოსამართლეების მიწვევით, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ კონკრეტული გადაცემა არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას ითვალისწინებდა.

მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ თუ შალვა რამიშვილსა და იმედის გენერალური დირექტორის მიმოწერის ავთენტურობა დადგინდა, არა მხოლოდ ლევან მურუსიძის, არამედ იმ მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობაც დადგეს, ვინც გადაცემაში მონაწილეობდა.

თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და იმედის გენერალურმა დირექტორმა ერთმანეთთან კომუნიკაცია დღეს არ დაადასტურეს. ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს მის წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

არასამთავრობოებს კითხვები მიმოწერის იმ ნაწილზე აქვთ, სადაც იმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე გადაცემის წამყვან შალვა რამიშვილს ატყობინებს, რომ მას კომუნიკაცია აქვს ლევან მურუსიძესთან და აწვდის კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, ვინც გადაცემაში სტუმრის სტატუსით უნდა მოხვდნენ. თავად შალვა რამიშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადობის აქტიურობის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების არაეთიკურ ქცევაზე რეაგირება ექნება.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები