რეგიონებიდან მხოლოდ თბილისში საცხოვრებლად წამოსული ყველა მესამე მოქალაქე, ამ დროისთვის მიგრანტების 33 პროცენტს შეადგენს. 2002 წლის შემდეგ მოსახლეობის კლება ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. მოსახლეობის რაოდენობის კლებით მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი.
არასამთავრობო სექტორის ნაწილის შეფასებით, სამუშაო ადგილების, განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობის და ცხოვრების ცუდი პირობების გამო, რეგიონის მოსახლეობა საცხოვრებლად თბილისს ირჩევს.
შიდა მიგრაციას ასევე ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში, თუმცა უწყების განმარტებით, ამ პროცესის შესაჩერებლად გეგმა აქვთ და ის რეგიონების გათანაბრებას გულისხმობს.
რეგიონების განვითარების შესახებ მთავრობის გეგმებს და ამ მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი მოქმედი ხელისუფლების მიდგომებშია.
მოსახლეობის აღწერის შედეგად ასევე გაირკვა, რომ გასულ წელს ქვეყანა 88 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათი უმეტესობა კი ქალია.
ავტორი: ანა წერეთელი