საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს.
რუსთავი2 განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია სრულ მხარდაჭერას უცხადებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს და მიმართავს საქართველოს ხელისუფლების სამივე შტოს, რომ დაემორჩილონ საქართველოს კონსტიტუციას და არ აყვნენ ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიზანმიმართულ და უკანონო წამოწყებას, რაც მიზნად ისახავს ჩვენს სამშობლოში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას.
"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ ძალიან საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე ინიცირებული სასამართლო დავა არის კრემლის ქვეშევრდომების ვერაგული ხრიკი, რისი მეშვეობითაც ხელისუფლება და მისი არაფორმალური მმართველი, ივანიშვილი, ცდილობენ საპარლამენტო არჩევნების წინ მაქსიმალურად დააკნინონ შინაასაარჩევნო პროცესში სამართლიანი კონკურენციის პრინციპი.
"დემოკრატიული ღირებულებების რეგულარული დარღვევებისა და მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მთლიანად ეჭვქვეშ დააყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს კი ეჭვგარეშედ შექმნის ქვეყნისთვის მძიმე და არაპროგნოზირებად პერსპექტივებს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს საზოგადოება.
"ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული საქარველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და ჩვენი სამშობლოს ევროპული, ცივილიზებული განვითარება. ამდენად, საყოველთაო ინტერესს წარმოადგენს საქართველოში სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიების დაცვა, რაც ყოველი ჩვენგანის მოქმედებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული," - ნათქვამია განცხადებაში.