იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით, ჩამოაბრძანებენ. ის აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალებაც ექნებათ.
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვალ, პირველ მაისს, აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება და სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ.
ლიტანიობის შემდეგ სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ღამისთევის მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყებს.