მართლმადიდებელი მრევლი დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში გვიან ღამით შესრულდა სადღესასწაულო წირვა, მათ შორის სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა.
ლიტურგიის დროს სვეტიცხოველში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. ილია მეორე რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ამახვილებს ყურადღებას - მათ შორის ახალგაზრდების გახშირებულ თვითმკვლელობის ფაქტებზე და იგი მოუწოდებს მშობლების მეტი ყურადღება მიაქციონ შვილებს.
ილია მეორე ქუჩის ბავშვების პრობლემაზეც საუბრობს და მზადყოფნას გამოთქვამს მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ.
"ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით. ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს,"-აღნიშნავს პატრიარქი.
ეპისტოლეში პატრიარქი დასაქმების პრობლემასაც ეხება და ასევე საუბრობს სოფლის მეურნეობის აღორძინების მნიშვნელობაზე.