ბოტანიკური ბაღის საკითხის ირგვლივ ხმაური გრძელდება. იმ სამანქანო გზის დასაგებად, რომელიც განხილვით თემა გახდა პირველი პრაქტიკული ნაბიჯები შარშან შემოდგომაზე გადაიდგა. თბილისის მერიამ, პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. გაიმარჯვა თამაზ შილაკაძის პროექტმა. გზის გაფართოებას ხუთასამდე ხის მოჭრა-გადარგვა და რამდენიმე ადგილზე გაზის მილის გადაწევა დასჭირდა.
მერიის მიერ გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტებში ჩანს, რომ ახალი გზა არსებული ძველი, გრუნტის გზის კვალდაკვალ უნდა დაგებულიყო, თუმცა წელს ამ გზის შუა ორკილომეტრიანი მონაკვეთი მერიის მიერ აუქციონზე გასაყიდ ტერიტორიას დაემთხვა, ამიტომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის კონტური შეიცვალა და ახალი ვერსიით გასაყიდი ტერიტორიის გასწვრივ, ყვითელ ხაზზე გაივლის. ახალი პროექტით კიდევ 700-მდე ხის მოჭრა-გადარგვა გახდება საჭირო. მეორე ვარიანტის ავტორიც თამაზ შილაკაძეა.
აუქციონის პირობების მიხედვით, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი ექვსი მილიონ ორას ოცდასამი ათასი ლარია. ინვესტორი ვალდებული იქნება ოთხი წლის განმავლობაში ოთხმოცნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ააშენოს, რომელსაც მინიმუმ ორმოცდაათი მანქანის გასაჩერებელი ადგილი ექნება.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ შეიძენს ტერიტორიას, მაგრამ ცნობილია რომ გასაყიდი ადგილი ზუსტად ავსებს ნაკვეთს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის ფინსერვის 21-ის საკუთრებაა.
ავტორი:ლაშა კვესელაძე.