საბავშვო ბაღებში ბიუჯეტიდან დამატებით 180 ათასი ლარი ბაღების მენეჯერების ხელფასებზე დაიხარჯება. ეს თანამდებობა ბაღებში ახლა შემოიღეს და ის ბაღის გამგეებთან ერთად იფუნქციონირებს.
საქართველოს განვითარების ფონდის ეკონომიკური რეფორმების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ყიფიანმა, გადაცემა არჩევანში ქალაქ რუსთავის მაგალითზე ისაუბრა და გამოთქვა ეჭვი, რომ ახალი შტატები არჩევნების წინ შეიქმნა იმისთვის, რომ საარჩევნოდ მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს.
„რუსთავის ბაღს ჰყავს ორი მმართველი, ბაღის გამგე და ბაღის მენეჯერი. 180 ათასი ლარი არამიზნობრივად იხარჯება. მენეჯერები არიან ქართული ოცნების ყოფილი კოორდინატორები და აქტივისტები. ასევე სახეზე გვაქვს ნეპოტიზმის ფაქტებიც,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა, რომელიც ირწმუნება, რომ ამ თანამდებობებზე ჩინოვნიკების ახლო ნათესავები ინიშნებიან.