ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებისა და მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ საკრებულოში. ნაციონალური მოძრაობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებით, საზოგადეობის კითხვებს პირადად დავით ნარმანიამ უნდა უპასუხოს.
დეპუტატების განცხადებით, გუშინ აუქციონზე გაყიდულ 29 ჰექტარს თბილისის ფინანსური დანაკარგები მოჰყვება.
“მოვითხოვთ, ნარმანია გამობრძანდეს იმ კაბინეტიდან, რომელშიც 2 კვირის განმავლობაში იმალება და ქართულ საზოგადოებას, საკრებულოა წევრებს აგვიხსნას რატომ მიიღო ოლიგარქის სასარგებლოდ ასეთი მონური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.
ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის დავით ნარმანიას დედაქალაქის საკრებულო უნდობლობას გამოუცხადებს.
„ბატონი ნარმანიას დედაქალაქის მერად წარდგენა ემსახურება იმას, რომ ის არასოდეს არ იქნებოდა არჩეული მერი, არამედ იქნებოდა დანიშნული მერი. მიმაჩნია რომ ბატონი ნარმანია უნდა გამოცხადდეს დედაქალაქის საკრებულოში, და იმედი მაქვს, რომ დედაქალაქის საკრებულო ნამდვილად გამოუცხადებს მას უნდობლობას,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა იყო შოკოლადში მთელი 9 წელი, ქვეყანა ეგონა თავის კანტორა, როგორც უნდოდა ისე იქცეოდა და ამ შოკოლადიდან ამოაბრძანა ივანიშვილმა, მთელი კეთილდღეობა დაუნგრია და პირადი მტრობა აქვთ ივანიშვილთან,“ - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე