ხმაური იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რეზო ხარაზი რამდენიმე სტუდენტთან ერთად რექტორთან შესახვედრად მივიდა. მას შეკითხვები მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის კუთვნილი 2 ნახევარი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან და იქვე მდებარე შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით ჰქონდა.
იმ მოტივით, რომ შეხვედრა შეთანხმებული არ იყო, თავდაპირველად დაცვის სამსახურმა რექტორის კაბინეტში მათ შესვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით შეხვედრა მაინც მოხერხდა, თუმცა მედიის წარმომადგენლების გარეშე. რამდენიმე წუთიანი შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, რასაც ერთ-ერთ ლექტორთან დაპირისპირება მოჰყვა.
თავად უნივერსიტეტის რექტორი კი აცხადებს, რომ მწვანე კონცხზე არსებული კორპუსი არ გასხვისებულა, რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე იმიტომ მიიღეს, რომ მთავრობა სანაცვლოდ ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობის გადაცემას დაჰპირდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭოს შენობის გადაცემის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.