პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა დაიწყო - ერთ-ერთ საკითხად სახალხო დამცველი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს ასახელებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო, უჩა ნანუაშვილი მრავალფეროვანი მედიაგარემოს შეზღუდვის საფრთხესა და დამოუკიდებელი ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევაზე მიუთითებს.
დეპუტატების ნაწილმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება არ მოიწონა.
უჩა ნანუაშვილმა ტრიბუნიდან დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართა და უკანონო ფარული თვალთვალის ფაქტების დროული გამოძიება მოითხოვა.
სახალხო დამცველი სასამართლო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც მიუთითებს. მათ შორის მოსამართლეთა მიერ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების არაერთგვაროვანი და საეჭვო პრაქტიკაა. ყოველწლიურ დოკუმენტში ამ მხრივ, ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ქუთაისის პარლამენტის შენობასთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების საქმეები მოხვდა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.