მაშინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი "დასაქმების ბუმზე" საუბრობს, ათასობით ადამიანს სამსახურიდან უშვებენ და საწარმოები ჩერდება.
დღეს რუსთავში ვაგონშემკეთებელი ქარხნის, ლითონ-კონსტრუქციათა ქარხნის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, სილიკო-მანგანუმის გადამამუშავებელი საწარმოს უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან პასუხს რამდენიმე კითხვაზე ითხოვენ. ეს არის, ხელისუფლების არშესრულებული დაპირებები და ასევე, ეკონომიკის მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გადაცემა არჩევანში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოში დასაქმების ბუმია.
ეკონომიკის მინისტრმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ რეგიონში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, საქართველომ უმუშევრობის შემცირება შეძლო, ოღონდაც თუ რეგიონზე საუბრობ, ალბათ, ისიც უნდა თქვა, რომ ამ მხრივ მაინც ბოლო ადგილზე ვართ, სომხეთის შემდეგ.
გაეროს მონაცემებით, აზერბაიჯანში უმუშევრობა 5%-ია, ისევე როგორც რუსეთში, უკრაინაში - 9%, თურქეთში - 10%, საქართველოში კი - 12.5% და მხოლოდ სომხეთშია უფრო მაღალი -17.5%.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო პირველ ადგილზეა სოფლად დასაქმებულთა ხვედრითი წილით, სადაც დასაქმებას მხოლოდ პირობითი ხასიათი აქვს, რადგან დასაქმებულად ითვლება ყველა, ვისაც ერთი ქათამი მაინც ჰყავს.
საქართველოში სოფლად 51%-ია დასაქმებული, სომხეთში მხოლოდ - 17.5%, უკრაინაში - 15% და რუსეთში სულ 6%.
რაც შეეხება უმუშევრობას, ოფიციალური მონაცემებით, ყოველი 10-დან 9 ადამიანი მუშაობს. ბოლო მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობიდან დასაქმებულია 1 745 200 ადამიანი, ხოლო უმუშევარია მხოლოდ 246 000. თუმცა, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არც მუშაობენ და არც ეძებენ სამსახურს, საერთოდ სათვალავში არ შედიან. ასეთი კი 1 მილიონი ადამიანია.
იმ კატეგორიაში კი, რომლებიც იფიციალურად დასაქმებულებად ითვლებიან, მნიშვნელოვნად ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი და დასაქმებულების მხოლოდ 39% -ია დაქირავებული.
თვითდასაქმებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიო ხუთეულშია, რაც დასაქმების ოფიციალურ მაჩვენებელს ჩრდილს აყენებს.
მაგრამ სურათი რომ ასეთი პოზიტიური არ არის ამას შრომის ბაზრის ექსპერეტებიც ადასტურებენ. მკვლევარების ვარაუდით, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი 40%-ს აღემატება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობა ადამიანებს დასაქმებულად თვლის და არ ბეგრავს. საშემოსავლო გადასახადს მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულები იხდიან. ე.ი. ყოველი ჩვენგანის სასარგებლოდ ეფექტურად შრომობს მხოლოდ 698 080 მაშინ, როცა 710 000 მოქალაქე იღებს პენსიას, თითქმის ნახევარი მილიონი ფულად სოციალურ შემწეობას და 167 ათასი სხვადასხვა სოციალური პაკეტით სარგებლობს.