ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეიმედის გენერალური დირექტორის მიერ გადაცემის სცენართან და სტუმრებთან დაკავშირებით მიცემული მითითებები ჟურნალისტზე ზეწოლად შეაფასა.
ქარტიის საბჭომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.
ქარტიის გადაწყვეტილების დართვას შალვა რამიშვილის ადვოკატი პროკურატურის საჩივარზე გეგმავს. გაგი მოსიაშვილის განმარტებით, ეს უნდა გახდეს კიდევ ერთი საფუძველი საგამოძიებო უწყებისთვის, რომ ჟურნალისტზე ზეწოლის მოტივით გამოძიება დაიწყოს.
ეთიკის ქარტიის დასკვნას არ ეთანხმება იმედის ხელმძღვანელობა. გიორგი ბახტაძის ადვოკატი რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ მიმოწერას სამუშაო პროცესად აფასებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გიორგი ბახტაძესთან ერთად, გაამტყუნა თავად შალვა რამიშვილიც, რომელმაც ქარტიის საბჭოს შეფასებით პატივი არ სცა ჟურნალისტურ საქმიანობას, როდესაც მიიღო არხის დირექტორის მითითებები.
რამიშვილის საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაწყებულია პროკურატურაში, თუმცა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სავარაუდოდ, ტელეიმედის ყოფილი წამყვანის გარდა საქმეზე დაიკითხებიან არხის ხელმძღვანელი პირებიც.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.