საქალაქო სასამართლო პარტიზანი მებაღის საქმეზე იმსჯელებს. ნატა ფერაძეს წინააღმდეგ საქმე უკვე შესულია სასამართლოში.
ამ წუთებში ნატა ფერაძე ელოდება სასამართლო პროცესის დაწყებას. საქმე შესულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, რაც გულისხმობს პოლიციის დაუმორჩილებლობას.
„უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ კანონიერად, ამიტომ ამ ბიჭებთან პრეტენზია არ მაქვს, პრეტენზია მაქვს ბრძანების გამცემთან. ვითხოვდით, რომ შევეშვით სივრცეზე და ეს შეიძლება წინააღმდეგობა ყოფილიყო აღქმული,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
რაც შეეხება სისიხლის სამართლის საქმეებს, რომელზეც საუბარი იყო ნატა ფერაძის შემთხვევაში, კონკრეტულად კი პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე საპატრულო მანქანის დაზიანებას და ნარკოტიკულ თრობას - ამ საქმეებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით განხილვა სასამართლოში ჩანიშნული არ არის.
სასამართლო პროცესზე დასასწრებად, მისულია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ასევე შაბათს აქციაზე დააკავეს. ელისაშვილს სასამართლომ უკვე დააკისრა 250 ლარიანი ჯარიმა.
„პირადად მე ნამდვილად ვუწევდი წინააღმდეგობას პოლიციას, და მინდოდა რომ არ დაეკავებინათ ერთ-ერთი დემონსტრანტი. მაგრამ აქ საკითხი ის არის, პოლიცია რამდენად კანონიერად იქცეოდა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დღესვე საქალაქო სასამართლოში გაიმართა შაბათს დაკავებული კიდევ ორი პირის პროცესი. ორივე მათგანზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე იყო აღძრული, რაც გულისხმობდა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას და ორივე შემთხვევაში სასამართლომ მათ 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ავტორი: ეკა გაგუა