20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა ვერ მოხერხდა", - ომბუდსმენი

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სოლიდარობის გამოხატვისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ხდება ლგბტ ადამიანების და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის ადგილი.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. დისკრიმინაციის აკრძალვა, ძალადობისგან დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

მაშინ როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ დაგეგმილია არაერთი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა. ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით[1], ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეებისა და ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიების არარსებობის გამო უარს ამბობენ საჯარო გამოსვლაზე. შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და  ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს. ცხელი ხაზის ნომერია: 14-81

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება.

დღის ამბები