20 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"ლგბტ" აქტივისტების სასამართლო - ადვოკატებმა კამერებიდან ვიდეოჩანაწერების ამოღება მოითხოვეს

საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესები იმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველა დაკავებულზე ცალკე პროცესია დანიშნული.

ორი პირის საქმის განხილვა უკვე დასრულდა, მოსამართლემ პროცესი 10 ივნისამდე გადადო.

დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. საუბარია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებზე. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამ ჩანაწერებში ჩანს პოლიციელთა მხრიდან უფლებების გადამეტება.

მათ მოთხოვნა ამის თაობაზე დედაქალაქის მერიას უკვე გადაუგზავნეს.

„თითქოს ვიდეო კამერები არ არის საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ არ აწყობდათ ჩანაწერების ამოღება, რადგან იქ ნათლად გამოჩნდებოდა, რომ უკანონოდ იყვნენ დაკავებულები,“ - განმარტა იდენტობის იურისტმა, ნინო ბოლქვაძემ.

სასამართლოში იმყოფებიან, რომლებიც სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიძახეს.

კურიერის გადამღები ჯგუფი შეეცადა მათაგან გაერკვია რა მოხდა 17 მაისს, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაამეტეს მათ საკუთარ უფლებებს, თუმცა მათ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს.

დღის განმავლობაში კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.  

ახალგაზრდებს შენობის იერსახის დამახინჯება ედებათ ბრალად. ნაწილს კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ადვოკატები წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს უარყოფენ და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. სამართალდამცავებმა 7 აქტივისტი თბილისში 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დააკავეს.

ავტორი:დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები