სახელმწიფო კანცელარიასთან სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აპროტესტებენ.
აქციაზე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, საკითხი შესაძლოა გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს დააყენოს.
„პირველი განცხადებები გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ყველაფერი ითქვა. ალბათ დამატებითი ინფორმაცია შეგროვდება კიდევ უახლოეს მომავალში და შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება. საერთაშორისი ორგანიზაციები, ჟენევის თანათავმჯდომარეები არიან ინფორმირებულნი ამის შესახებ, ჩართულები არიან ჩვენი დასავლელი კოლეგები და ეს ის თემაა, რომელიც მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიგორი კარასინს სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევარში შეხვდება და მისი თქმით, ამ საკითხს იმის მიხედვით დააყენებს შეხვედრაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
„ვნახოთ ჯერ რა იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, ჟენევაში იქნება მანამდე შეხვედრა. არასდროს არ გავქცეულვართ ჩვენ და არასდროს არ აგვივლია გვერდი ასეთი მწვავე საკითხებისთვის. ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული შემთხვევაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ რისკები ჩვენს ირგვლივ, იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამ კომენტარის გაკეთების დროს, აბაშიძეს სტუდენტებმა მიმართეს, რა დროსაც პრემიერს სპეციალურმა წარმომადგენელმა მათ არ მოუსმინა, მათ რეპლიკას არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა, რასაც სტუდენტების მხრიდან ტაში და შეძახილები მოჰყვა.
ავტორი: ნატა მახვილაძე.