08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ 10 დღეში გახდება ცნობილი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ 10 დღეში გახდება ცნობილი. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა ეს საკითხი პირველად განიხილეს, თუმცა ლუქსემბურგში გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

“კომისიამ საკმაოდ მკაფიო რეკომენდაცია წარმოადგინა, საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. მაგრამ რამდენიმე ქვეყანა ამაში ბოლომდე არ არის დარწმუნებული. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას” - განაცხადა მიგრაციის საკითხებში  ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ნიდერლანდების უსაფრთხოების და იუსტიციის მინისტრის კლას დიკჰოფის თქმით, უმეტესობა ფიქრობს, რომ შესაძლებელია, საქართველოს მიენიჭოს ვიზა ლიბერალიზაცია.

"ქვეყნებმა, რომლებიც ამ ეტაპზე არ არიან თანახმა, დღეს განმარტეს საკუთარი პოზიცია. ვფიქრობთ, რომ კარგია ვიცოდეთ რაში მდგომარეობს პრობლემა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა მათ მოსაგვარებლად. ჯერ სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესი არც ჩიხში არ არის და არც შეფერხებულია. უმეტესობა ფიქრობს, რომ შესაძლებელია, საქართველოს მივანიჭოთ ვიზა ლიბერალიზაცია. ზოგი ასე არ ფიქრობს. თუ ისეთივე იქნება მომხრეთა რიცხვი როგორც დღეს გვაქვს, მაშინ მუშაობის გაგრძელება მოგვიწევს. არ მომისმენია დღევანდელ შეხვედრაზე, რომ ეს რაიმე არჩევნებთან იყოს დაკავშირებული. ამაზე დისკუსია არ ყოფილა. მიზეზი თუ რატომ არ არის ზოგიერთი ქვეყანა მზად გადაწყვეტილების მისაღებად, შეგიძლიათ თავად მათ ჰკითხოთ,” - აღნიშნა  დიკჰოფისმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 

დღის ამბები