08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დეივიდ კემერონი თანამდებობას ტოვებს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დეივიდ კემერონი თანამდებობას ტოვებს. კემერონმა განცხადება, რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ის მედიასთან, მეუღლესთან ერთად გამოჩნდა და ბრიტანელებს აცნობა, რომ სამ თვეში ის პოსტს დატოვებს.

„ყველა ბრიტანელმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ეს არის ჩვენი ხალხის ინსტრუქცია, რომელიც უნდა შესრულდეს. ვიცი, რომ არჩევანის გაკეთება მარტივი არ ყოფილა. მაგრამ, მინდა დავარწმუნო ევროპაში მცხოვრები ბრიტანელები და ჩვენთან მყოფი ევროპელები, მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. ბრიტანეთი რჩება ძლიერ სახელმწიფოდ,“- განაცხადა დეივიდ კემერონა.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 12 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობის აქტივობამ 72% შეადგინა, უმრავლესობამ 52%-მა მხარი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა.

23 ივნისს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე უწოდეს. ზეიმით შეხვდნენ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებას დამოუკიდებლობის პარტიის შტაბში შეკრებილები. სწორედ ეს პარტია და მისი ლიდერი ხელმძღვანელობდნენ ე.წ. ბრექსიტის კამპანიას. ნაიჯელ ფარაჯმა პირველმა მოუწოდა დეივიდ კამერონს გადადგომისკენ, ევრო სკეპტიკოსებს კი გამარჯვება მიულოცა.

ბრიტანელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებამ უკვე მოახდინა უარყოფითი გავლენა ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე. ამ დროისთვის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი

დღის ამბები