08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ბრიტანეთის გადაწყვეტილება - ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრის საკითხს განიხილავენ

ბრიტანელების გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრის გამართვის საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგში ორგანიზაციაში ერთიანობის შენარჩუნების საკითხი დგას.

ლიდერთა ნაწილი უკვე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ დომინოს ეფექტი გამოიწვიოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლა ისტერიის დრო არ არის.

ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს ევროპარლამენტის თავმჯდომარეც. მარტინ შულცის თქმით, დღეს ევროპას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია და ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროზონის დასაცავად.

„ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, ბრიტანელების გადაწვეტილება. მაგრამ ევროკავშირიდან გასვლა მათი სუვერენული არჩევანია. ახლა ევროკავშირის წევრებმა უნდა ვიზრუნოთ ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე და განსაკუთრებით ევროზონის დაცვაზე,“ - განაცხადა მარტინ შულცმა.

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ევროპის ლიდერთა ნაწილი სოციალური ქსელების საშუალებით გამოეხმაურა. ლიტვის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო, თუმცა განაცხადა, რომ ევროპა გააგრძელებს ლონდონთან ჩართულობას.

უკმაყოფილება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

„ცუდი ამბები შევიტყვეთ ბრიტანეთიდან. ევროპისთვისაც და გაერთიენებული სამეფოსთვისაც ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.​

ბრექსიტის კამპანიის გამარჯვებას მიესალმნენ ევროსკეპტიკოსები. საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერმა 23 ივნისს თავისუფლების გამარჯვების დღე უწოდა. ბრიტანელებს პირადად მიულოცა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დღეს შოტლანდიას სტუმრობს.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები