08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ქვეყანსის ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების იგნორირებისკენ მოუწოდებს

ლეიბორისტული პარტიის წევრი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ბრექსითის რეფერენდუმის შედეგების იგნორირებისკენ მოუწოდებს. დეპუტატი დევიდ ლემი ფიქრობს, რომ იმ დროს როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ნანობს, რომ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი და პეტიციის სახით ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, პარლამენტმა ბრექსითის საკითხი უნდა განიხილოს და რეფერენდუმის შედეგების აღიარების საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს. პეტიციას უკვე სამ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მაშინ როდესაც პარლამენტში განსახილველად ასი ათასი ხელმოწერაც საკმარისია

განხეთქილებაა თავად ლეიბორისტული პარტიის რიგებშიც. ოპოზიციური ძალა, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის კამპანიას აწარმოებდა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის ემზადება, მინისტრების გარეშე რჩება. ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები ლეიბორისტული პარტიის ლიდერს დაუპირისპირდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ჯერემი კორბინი პარტიის ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ ევროკავშირში დარჩენას უწევდა აგიტაციას, რის გამოც მას უნდობლობას უცხადებენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ახალმა პრემიერმა უნდა დაიწყოს. ფილიპ ჰამონდი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ნაჩქარევად გააკეთეს განცხადებები პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ვადები, როდესაც ქვეყანა რეფერენდუმის შედეგის ამოქმედებას გადაწყვეტს, მხოლოდ ბრიტანეთის ხელისუფლების დასადგენია.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

დღის ამბები