08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
"ყველაფერი გავაკეთე, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენილიყო" - დევიდ კემერონი

ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ბრექსიტის შემდეგომ ნაბიჯებზე და ევროკავშირის რეფორმირებაზე მსჯელობენ.

პირველად სამიტი დიდი ბრიტანეთის პრემიერის გარეშე წარიმართება. დევიდ კამერონმა ევროპელ ლიდერებს დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ საკუთარი პოზიცია გუშინდელ შეხვედრაზე გააცნო და პროცედურის დაწყებისთვის დრო ითხოვა. კემერონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წუხს რეფერენდუმის შედეგების გამო, მაგრამ არ ნანობს, რომ პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

“ძალიან ვწუხვარ რეფერენდუმის შედეგების გამო, ჩვენ ვალდებულები ვართ დავეთანხმოთ ბრიტანელი ხალხის არჩევანს. სამიტი მწუხარებისა და სინანულის ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, სინანულს გამოთქვამენ, რომ ჩვენ ვტოვებთ ორგანიზაციას. ყველაფერი გავაკეთე, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენილიყო, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიე. ჩვენ გვჭირდება დრო, რომ სწორად მოვიქცეთ და 50-თე მუხლი ავამოქმედოთ”- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, დევიდ კემერონმა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის წევრები დიდი ბრიტანეთის გეგმებს ელოდებიან.

“ლიდერები აცნობიერებენ, რომ დროა საჭირო, თუმცა ევროკავშირის წევრები ელოდებიან, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარი გეგმის შესახებ დროულად შეგვატყობინებს. თუ მათ სჭირდებათ დრო ჩვენ უნდა დაველოდოთ”- განაცხადა ტუსკმა.

ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს იმედი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განაცხადს გასვლის შესახებ დროულად გააკეთებს.

"ყველა, ვინც ბრექსიტის კამპანიას აწარმოებდა, გვეუბნება რომ დრო სჭირდება. ჩემი აზრით, როდესაც გინდა გასვლა, გეგმაც უნდა გქონდეს, პროექტი და გლობალური ხედვა. როგორც ჩანს, მათ ეს არ აქვთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განაცხადს გასვლის შესახებ დროულად გააკეთებს“ - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

დღის ამბები