08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე მიუთითებს

თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე მიუთითებს. გამოცემების ნაწილი წერს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია, რომელიც დოკუ უმაროვის სიკვდილის შემდეგ ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა.

ახმედ ჩატაევი ე.წ. ხალიფატის, ანუ ისლამური სახელმწიფოს ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ის სასჯელს საქართველოში იხდიდა. ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. თუმცა, საპატიმროდან 2012 წელს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი უდანაშაულოდ ცნო.

ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში რამდენიმე თვის წინ შეიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას იარმუკს ხელმძღვანელობს.

ჩატაევი ჩეჩენ მებრძოლებში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა და ცნობილი საველე მეთაურის, დოკუ უმაროვის უახლოესი გარემოცვის წევრადაც ითვლება. მას ახლო ურთიერთობა აქვს ომარ ალშიშანთან, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მაღალჩინოსანია და რომელიც ვაშინგტონის ტერორისტთა სიაში უკვე ერთი წელია ირიცხება.

პრესა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თვითმკვლელი ტერორისტების შესახებაც. სააგენტოების ნაწილი წერს, რომ ისინი წარმოშობით დაღესტნელი, ყირგიზი და უზბეკი იყვნენ. ნაწილის ცნობით, კი აეროპორტში თავი ჩეჩენმა ოსმან ვადინოვმა აიფეთქა, რომელიც თურქეთში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა. სამართალდამცველები გამოძიების დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე დგინდება.

დღის ამბები