ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ბადრი ნათობაძისთვის გამოძიებას ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია. ოჯახს ჯერ-ჯერობით არ ყავს არც ადვოკატი. თავად ეჭვმიტანილი კი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.
ნათობაძე პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.
სოსო ჯოხაძე, რომელიც საჭესთან იჯდა, ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაიჭრა მის გვერდით მჯდომი ადვოკატი. ზაქარია ჩიბუხაშვლის მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებოდა. სოსო ჯოხაძის ძმა გიორგი ჯოხაძე უკანა სკამზე იჯდა. სროლის შედეგად ის არ დაშავებულა.
სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზი წარსულში მომხდარი დაპირისპირება გახდა. არც თავდამსხმელისა და არც მსხვერპლისთვის ეს პირველი კრიმინალური ისტორია არ არის. ეჭვმიტანილი ბადრი ნათობაძე წარსულში სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა. სასჯელი მოხდილი აქვს გარდაცვლილ სოსო ჯოხაძის ძმას. გიორგი ჯოხაძე 2013 წელს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ბადრი ნათობაძეს ბრალს სავარაუდოდ ან გვიან ღამით ან ხვალ დილით წაუყენებენ.
ავტორი: ეკა გაგუა.