თვითმკვლელობამდე მიყვანილი დემურ სტურუას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად გამოთქვამენ პროტესტს.
პრაქტიკულად ყველა გავლენიანი ორგანიზაცია ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკვე სრულიად არაადეკვატურს უწოდებს და პასუხისმგებელი პირების გადადგომას მოითხოვს.
„იმაზე უფრო აბსურდული რა შეიძლება იყოს, რომ პოლიციელი, რომელსაც ბრალი ედება იმაში, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანა ახალგაზრდა, იძებნება. პოლიცია თვითონ გაექცა გამოძიების და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. ეს ისეთი საქმეა, რომ აუცილებლად უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც, იმიტომ, რომ ეს ერთი პოლიციელის პრობლემა აშკარად არ არის,“-განაცხადა თამარ გურჩიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორს გააჩნია არა ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეებზე ხორციელდება ზეწოლა, თუმცა მისი თქმით, არცერთ მსგავს ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან, სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა.
„როდესაც სავარაუდო დასაბუთებაც გვქონია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება არ ჩატარებულა ეფექტური და დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. ჩვენ შედეგად ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან ეფექტურები, როდესაც საქმე შეეხება მათივე კოლეგის მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს,“- აღნიშნა ეკა გიგაურმა.