ბრალდება სამართალდამცველების მისამართით - მინდია ოჯახიშვილის დედა უკვე 24 საათია ბათუმის წინასწარი დაკავების საკანთან შვილის დაპატიმრებას აპროტესტებს. ახლობლების განცხადებით, პოლიციამ მას პისტოლეტი ჩაუდო და დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
მინდია ოჯახიშვილი წინასწარი დაკავების საკანში გვიან ღამით არ მიიღეს და პოლიციამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოჯახის ინფორმაციით, მათ ნაცემი ახალგაზრდის ნახვის საშუალება არ მისცეს.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის რეფერალური საავადმყოფო. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მინდია ოჯახიშვილი მოინახულეს და აცხადებენ, რომ დაკავებულს სხეულზე და სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება.
ამ განცხადებების მიუხედავად, პოლიციას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება დაკავებულის შესაძლო ცემის ფაქტზე. მინდია ოჯახიშვილის ადვოკატი, მეგობრები და ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდას პოლიციამ იარაღი განგებ ჩაუდო, რადგან მას რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველების წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული.
დაკავებულის ოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიცია მინდია ოჯახიშვილის სისტემატურად დევნიდა და ქვეყნის დატოვებას სთხოვდა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, დავით ქაშიაშვილი