გაუსაძლისი პირობები მოსწავლეებისთვის - თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ენაგეთში, სკოლის შენობა იმდენად ძველი და ავარიულია, რომ მშობლებს ყოველდღე ის ფაქტი აღელვებთ, ბავშვები შენობის ნანგრევებში არ მოყვნენ.
ჭიათურის რაიონის მაღალმთიან სოფლების სკოლებშიც სიტუაცია არანაკლებ მძიმეა - ბავშვები, რომლებიც ყოველდღე, სკოლისკენ მიმავალ გზაზე მგლებს ხვდებიან. სოფელ მეჩხეთურში მოზარდებს განათლების მიღება სკოლის ნაცვლად ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში უხდებათ. სკოლაში კლასები სამზარეულოში და აბაზანებში აქვთ. სოფელში არ არის არც გზა და არც მაღაზია.
ჭიათურის მაღალმთიანი რაიონის სოფელ ქბილარში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც განათლებას ასევე სოფელ მეჩხეთურის სკოლაში იღებენ, მოსწავლეები გზის გაკეთებას ელოდებიან.
ჭიათურიდან აღმოსავლეთით კი საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მოსწავლეები უკვე რამდენიმე წელია საქონლის ყოფილ სადგომში სწავლობენ.
გასულ ზამთარს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქონლის სადგომს ძალიან მალე მაღალი სტანდარტების სკოლა შეცვლიდა. როგორც ახლა ამბობენ, თურქულმა კომპანიამ დაახლოებით 2 წლის წინ დაწყებული მშენებლობა ვერ დაასრულა და ლამბალოს ახალი სკოლა 11 ოქტომბერს დაიწყებს ფუნქციონირებას.
ჭიათურის 2 სოფლის სკოლაზე განათლების სამინისტრო პროექტირებას ახლა იწყებს.
ავტორი: თაკო მესხი.