ახალი არჩევნები სახელმწიფო უნივერსიტეტში სავარაუდოდ ისევ ხმაურის ფონზე ჩატარდება. სტუდენტების დიდი ნაწილი კვლავ ზეწოლაზე საუბრობს.
სტუდენტები აკადემიური საბჭოს წევრებს ზეწოლის ფაქტების გასაჯაროებას სთხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აკადემიურ პერსონალზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები კონკრეტული კანდიდატს გია შარშავაძის სასარგებლოდ ზეწოლას ახორციელებენ.
უნივერსიტეტის რექტორის მომავალი არჩევნები ერთადერთი საკითხია, რომლის ირგვლივაც ორი დაპირისპირებული სტუდენტური ჯგუფი გაერთიანებას გეგმავს. აუდიტორია 115-ის წევრებიც საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას რამდენიმე დღეში გეგმავენ, მსგავსი ფაქტი, მათი ინფორმაციით, 5 წევრის მიმართ განხორციელდა.
თავად აკადემიური პერსონალი კამერებთან ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა აცხადებენ, რომ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის კანდიდატურა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე მათთვის ბოლომდე მისაღები არ არის.
რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.