თბილისის სხვადასხვა უბანში დილიდან გაზის სუნი დგას. ბუნებრივი აირის სუნი ვაკეში, ვერაზე, საბურთალოზე, ნაძალადევის ნაწილსა და თბილისის შემოგარენში იგრძნობოდა.
რამ გამოიწვია ემისია და რამდენად უქმნის ბუნებრივი აირი საფრთხეს დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვითარებაში გარკვევას მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
მოსახლეობის ზარები არ წყდება რუსთავი 2-ის რედაქციაში, თბილისის მერიასა და ყაზტრანს გაზ თბილისში. საზოგადოება აღნიშნავს, რომ მერიაში და ყაზტრანს გაზში მათ ზარებს არ პასუხობენ.
ყტაზტრანს გაზ თბილისმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საზოგადოებაში პანიკა შეიქმნა. კომპანიაში არ განმარტავენ, თუ რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ.
"თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის,“- აღნიშნულია ყაზტრანს გაზის განცხადებაში.
თბილისის საკრებულოში კი აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც არ გააფრთხილა საზოგადოება წინასწარ და ასევე კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.