20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"ეს ყველაფერი ცალსახად მთავრობის პასუხისმგებლობაა" - ეკა გიგაური სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება

დღეს ცალსახად ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა.

გიგაური დღეს ინტერნეტ სივრცეში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებაში მუდმივად არის განცდა იმის, რომ შესაძლოა ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ შესაძლებლობას ბოროტად იყენებდეს და აგრძელებდეს მოქალაქეთა უკანონო მოსმენას.

„როდესაც საზოგადოება თითს იშვერს სახელმწიფოს მიმართულებით, როდესაც კადრების გავრცელება ხდება, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური იმიტომ, რომ ის რაც იყო გასაკეთებელი ხელისუფლების, მან ეს არ გააკეთა და შესაბამისად ის კითხვის ნიშნები მაინც რჩება, რომ სპეცსამსახურებს შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, რომ ბოროტად გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება და ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც მათ გააჩნიათ. დღეს ცალსახად ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო სექტორი მიმართავს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, როგორც დღეს, ასევე გასულ თვეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.

„ხელს ვიბანთ ყველა ასეთ შემთხვევაზე, ხელისუფლება ხელს იშვერს დაუდგენელი პირებისაკენ და არ უნდა არანაირი პასუხისმგებლობის აღება. მინიმუმ იმის პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვს ჩვენს მთავრობას, რომ გამოიძიოს ეს საკითხი და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება,“ - აღნიშნა კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები