სამართალდამცველებს ისევ ზეწოლაში ადანაშაულებენ - ელგუჯა გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები კურიერს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც 35 წლის მამაკაცთან კავშირი გაწყდა, რასაც მათი განცხადებით, წინ უსწრებდა ძალოვანებთან თანამშრომლობის შესახებ რეგულარული მოთხოვნები.
როგორც ელგუჯა გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, სამართალდამცავები მას თანამშრომლობას კონკრეტული საქმის გამოძიების ფარგლებში სთხოვდნენ. კერძოდ, კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვებას.
მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები გუჩმაზაშვილს აუდიო-ვიდეო ჩამწერი აპარატებით აღჭურვას სთავაზობდნენ, რათა გარკვეული პირებისგან მათთვის სასურველი ინფორმაცია მოეპოვებინა. იმ შემთხვევაში, თუ გუჩმაზაშვილი არ დათანხმდებოდა თანამშრომლობას, მას დააკავებდნენ.
გუშინ გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახის წევრების თქმით, ბოლო 2 თვეა, რაც მსგავსი სახის მუქარებს იღებენ.
„მაინც იზამ იმას, რასაც მე შენ გეუბნებიო. პოლიციელი არ არის, პროკურორია, ეს მალხაზ სამსონია არის პროკურორი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს,“ - აღნიშნა ელგუჯა გუჩმაზაშვილის დამ ანა გუჩმაზაშვილმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე