11 ჰოსპიტალიზირებული და სამაშველო სამსახურის გამოძახების 3 ათასამდე შემთხვევა. მოქალაქეები შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც დედაქალაქში ძლიერი გაზის სუნმა იმატა. გაზის სუნის მატების გამო, მთელი დღის განმავლობაში გადატვირთული იყო ყაზტრანსგაზის ცხელი ხაზიც.
ვაკე, ვერა, საბურთალო, ნაძალადევი და თბილისის შემოგარენი - ეს იმ უბნების ჩამონათვალია, სადაც დილიდან გაზის სუნი მკვეთრად შეინიშნებოდა. მომხდარზე მალევე წერილობითი განცხადება გაავრცელა ყასტრანსგაზ თბილისმა და პასუხისმგებლობა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სამსახურს დააკისრა.
განცხადების მიხედვით, სწორედ ამ კომპანიამ ბუნებრივი აირის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, გარდაბნის გაზის გამანაწილებელი სადგურიდან სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი გაუშვა. ნივთიერების ნორმაზე მეტმა ჩაშვებამ კი გაზის სუნის მატება გამოიწვია. კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მონაცემებს საგამოძიებო უწყებასაც გადაუგზავნის.
დღის ბოლოს ყაზტრანსგაზ თბილისში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ოდორიზაციაზე პასუხსმგებელი გაზის ტრანსპორტირების სამსახურია.
ექსპერტები ქიმიური ნივთიერება ოდორანტის გაშვების დროს დაშვებულ ხარვეზებზე საუბრობენ, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავენ მოძველებული მილებიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტსაც.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა