სტიქია კახეთში. ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში მძიმე ვითარებაა. წაქცეულია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
სოფელ ათენში არსებულ პირველ საჯარო სკოლას ხე დაეცა. იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა.
კურიერის გადამღები ჯგუფი ამ წუთებში სტიქიის ზონაში მუშაობს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძლიერი ქარის გამო ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივების ნაწილს ღამის გასათევი არ აქვს და დახმარებას ითხოვს. სტიქიის ზონაში მუშაობენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
კურიერი რამდენიმე წუთის წინ რაიონის გამგებელს დაუკავშირდა. კახა ჯამბურია ამბობს, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. გამგებელი ამბობს, რომ კომისია დილიდან დაიწყებს მუშაობას.
ზარალის ანაზღაურებას რაც შეეხება, ჯამბურია განმარტავს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში არის სახსრები, საჭიროების შემთხვევაში კი, დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს.
ამ წუთებში რეგიონში აღარ წვიმს. დილიდან სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენისათვის სარემონტო სამუშაოები განახლდება.