20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე დავით ახალია, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა ბრალდებულებად ცნო

გამოძიების შედეგად 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად იქნენ ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილსის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

ამის შესახებ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგნგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ.

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს. კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები. დასახელებულ ვიდეომასალაზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა. 

გამოძებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით, დაიგეგმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება და დასჯა, რათა დაუყონებლივ აღკვეთილიყო მიტინგი და  აღარ გაგრძელებულყო საპროტესტო გამოსვლები. 

"დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით ახალაია  და სხვა მაღალჩინოსნები.(იხ.ვიდეო: " 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, გრაფიკული ნამუშევარი")

"26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული  ბრძანება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, შესრულებული იქნა „კუდ“-ის ქვედანაყოფების მიერ. პრემიის სახით მხოლოდ „კუდ“-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „26 მაისის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

დღის ამბები