პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება - გიორგი მარგველაშვილმა ერთი წლის წინ გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე შეიწყალა.
აჯი გასანოვი, მისი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს გაუსწორდა. ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ, კამათის დროს ერთერთი მოძალადე ფეხში დაჭრა, რის გამოც ის დააკავეს. როგორც სოფელ ლამბალოში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეების ვინაობა ყველასთვის ცნობილია, დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის.
„პრეზიდენტმა ამ შეთხვევაში, პერსონალურად განიხილა ეს საქმე. მან ჩათვლა, რომ საქმის საზოგადოებრივი მნიშვნელობა ძალიან მაღალია და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჯი გასანოვი შეეწყალებინა,“ - განაცხადა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები ამართლებენ. ისინი აცხადებენ, რომ დაჭრის უმთავრესი მიზეზი დაუსჯელობა იყო.
„აჯის 7 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რადგან ის შეეცადა შური ეძია ერთერთ მოძალადეზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სახელმწიფო არ აპირებდა არავისთვის ბრალის წაყენებას,“ - აღნიშნა კავშირ საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.
ხანუმ ჯეირანოვას ქმრის ნათესავებმა, გარდაცვლილს ღალატი დასწამეს, მთელი სოფელი ფეხშიშველს მოატარეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორი დღის შედმეგ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
ავტორი: ეკა გაგუა