ძლიერმა ქარმა გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ქარის შედეგად, დაზიანებული თუნუქის ნარჩენები კორპუსიდან რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძეზე გადაიყარა.
ადგილობრივების თქმით, სტიქიას შემთხვევით გადაურჩნენ კორპუსში მცხოვრები მოზარდები. მათივე ინფორმაციით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სტიქიის გამო დაზარალდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც დაზარალებულებს პირველადი დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საცხოვრებელ სახლზე ტენთით დროებითი გადახურვის სამუშაოები.
სტიქიის ადგილზე იმყოფება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გია გერგიძის ინფორმაციით, სახურავი 100 კვადრატულ მეტრზეა გადახდილი. მისივე თქმით, ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.