ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მეორე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა - ასოციაციას მთავარი შენიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ძალოვანი უწყების მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევების დროს არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს.
ახალგაზრდა იურისტთა ანგარიშის ამ ნაწილს მმართველი პარტია არ იზიარებს. ქართული ოცნება ორგანიზაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მონიტორინგის შედეგების გაცნობას ურჩევს, სადაც პარტიის წევრების თქმით, წინასაარჩევნო გარემო დადებითად არის შეფასებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შერჩევითობაზე მიუთითებენ ოპოზიციის წევრები. ისინი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებს სრულად ეთანხმებიან.
შუალედურ ანგარიშში მოხვდა პარტიების მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტები.
არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიების მხრიდან კიდევ ერთ სამართალდარღვევაზე მიუთითებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები და მათი კოორდინატორები რეგიონებში ამომრჩევლებისგან პირად ინფორმაციას ითხოვენ.
შუალედურ ანგარიშში მოხვდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში მომხდარი ინციდენტიც.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი