მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე შესაძლოა საპროტესტო ტალღამ მოიცვას, პედაგოგები დირექტორობის კანდიდატებთან შეხვედრას, პროცესის გასაჯაროვებას და მათთვის სასახლის განვითარების გეგმის გაცნობას ითხოვენ. სასახლის თანამშრომლები დღეს შეხვედრაზე დედაქალაქის მერს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დრო 2-ჯერ შეიცვალა, დავით ნარმანია პედაგოგებთან სასაუბროდ არ მივიდა. თანამშრომლები სასახლის დირექტორად ყოფილი ხელმძღვანელის, გია შალამბერიძის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობს.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის საკრებულოს წევრის, გიორგი მუსხელიშვილის მეუღლე, ნინო ვადაჭკროიაც. სწორედ მის კონკურსში მონაწილეობას აპროტესტებს პედაგოგების უმეტესობა. არ არის გამორიცხული, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლებმა, მისი არჩევის შემთხვევაში სასწავლო პროცესი ჩაშალონ.
პედაგოგებთან დაგეგმილ შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს ქალაქის მერი.
ავტორი:შოთა კიკნაძე.