20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი გორში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე საუბრობს

დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს სამართალდამცველებს საბა წიწიკაშვილი. ჟურნალისტის მტკიცებით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, თემურ ხუბულურის, სააგიტაციო ბროშურები ბაღების გაერთიანების ოფისში შეიტანეს.

საბა წიწიკაშვილი ამბობს იმასაც, რომ მან ფაქტის ვიდეოკამერაზე დაფიქსირება ვერ მოასწრო, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რათა სამართალდამცველებს ბაღების გაერთიანების ოფისი შეემოწმებინათ, თუმცა უშედეგოდ.

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მის ოფისში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, თემურ ხუბულურის, სააგიტაციო ბროშურები შეიტანეს, კატეგორიულად უარყოფს ბაღების გაერთიანების დირექტორი, გიორგი გელაშვილი.

სახელმწიფო რესურსის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს ქართული ოცნების მაჟორიტარიც, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისთვის განკუთვნილი პარტიული ბროშურები უცხო პირებს გამოეყენებინათ.

ქართული ოცნების მხრიდან სახელისუფლო რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე არსებული საქმის მასალები ძალოვანმა უწყებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისია საქმეზე მოკვლევას აწარმოებს.

 

 

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები