„დომინანტური ძალა მოიპოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, ეს არ იყო მხოლოდ ტრამპის გამარჯვება, ეს იყო ძლიერი გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის, რომელსაც არჩევნებისათვის მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგია ჰქონდა,“ - ასე შეაფასა საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ეკა ტყეშელაშვილმა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება.
ტყეშელაშვილმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში საქართველოს მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„ტრამპი იმყოფებოდა საქართველოში, ახსოვს ქვეყანა. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ტრამპი კონკრეტულად იცნობდეს ამ ქვეყანას. საქართველო მისთვის პოზიტიურად ცნობადი ქვეყანაა, რეფორმატორი ქვეყანა. დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ პოზიტიური წანამძღვრიდან არ მოვექცეთ პირიქით ისეთ კალათაში, ადვილად ჩაიქნიონ ხელი, აღმოჩნდეს, რომ დიდი იმედგაცრუების მომტანი იყოს. თუ უარყოფითად განვითარდება რუსთავი2-ის საქმე, ნეგატიური სიგნალი იქნება ახალი ადმინისტრაციისთვის, რომელიც ყურადღების გარეშე არ ჩაივლის,“- აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.
ეკა ტყეშელაშვილმა ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთ-ამერიკის მომავალ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„გასათვალისწინებელია, რომ ამერიკა არ არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა, რესპუბლიკური პარტია არის მყარი, ჩართულობის მომხრე პარტია, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში გაცილებით მკაცრი პოზიციის მქონე, ვიდრე დემოკრატიული პარტია ყოფილა ოდესმე რუსეთთან მიმართებაში,“ - აღნიშნა ტყეშელაშვილმა და ასევე განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, როგორ დაკომპლექტდება ადმინისტრაცია.