ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვის დაწყებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან.
უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად იქნება მიღებული და კატეგორიულად გამორიცხავენ საქმეში პოლიტიკურ მოტივს.
„მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მედიის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნა არაერთ საერთაშორისო ანგარიშში, ასევე მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია თვალი მივადევნოთ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას. ამიტომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ უკვე მას შემდეგ რაც პარლამენტი დაიწყებს საქმიანობას, მივადევნებთ თვალს ამ პროცესს,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ქართული ოცნებისგან განსხვავებით კრიტიკულია ოპოზიცია. ისინი არსებულ კითხვის ნიშნებზე ამახვილებენ ყურადღებას - ერთ-ერთ მიზეზად სასამართლოს მხრიდან საქმის ზეპირ განხილვაზე უარის თქმა სახელდება.
"მხარეები არ იქნება წარმოდგენილი საქმის განხილვაზე, რაც არის იმის ინდიკატორი, რომ საქმე არ მიდის კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და უზენაესი სასამართლოც, როგორც ჩანს იგივე ხაზის გაგრძელებას აპირებს. ეს რა თქმა უნდა არის გაგრძელება რუსთავი 2-ზე შეტევის,“-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ როდესაც ხელისუფლება არ იყენებს საჯაროობის ინსტრუმენტს, ეს ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს.
„ჩვენ კანონი იმიტომ შევცვალეთ და სხდომათა დარბაზში დავუშვით კამერები, რომ ამ ტიპის სპეკულაციები დასრულებულიყო, ამიტომ როდესაც ხელისუფლება არ იყენებს საჯაროობის და გამჭვირვალობის ყველაზე მთავარ ინსტრუმენტს, ეს რა თქმა უდნა შემდეგ ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს და ყველას უქმნის იმის განცდას და შთაბეჭდილებას, რომ რაღაც არის დასამალი კარის უკან, თუ ეს კარი იხურება,“-აღნიშნავს თინა ხიდაშელი.