19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"რუსთავი 2" ყადაღის მოხსნას ითხოვს და უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს

რუსთავი 2-ის საქმის ბოლო ინსტანციაში განხილვამდე სამი დღე რჩება და იურისტები უზენაეს სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართავენ.

სამაუწყებლო კომპანია ყადაღის მოხსნას ითხოვს, რომლის გამოც ბოლო თვეების განმავლობაში არხს მუშაობა რთულ ფინანსურ პირობებში უწევს.

აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სასამართლოში დღეს შეიტანა. 

"სააპელაციო სასამართლომ როცა შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, უნდა გაეუქმებინა ყადაღაც, რომელიც იყო რუსთავი 2-ზე, ვინაიდან რუსთავი 2 აღარ წარმოადგენდა მოპასუხეს. თავად ქიბარ ხალვაში თავიდან სარჩელში ყადაღის მიზნობრიობას განმარტავდა იმით, რომ კომპანიის ქონება ყოფილიყო დაცული. ამ ყადაღით ძალიან დიდი ზიანი ადგება რუსთავი 2-ის ქონებას, შესაბამისად, ვეღარ ემსახურება ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ მიზნებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული," - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა. 

უზენაესი სასამართლოდან დასაბუთებული განჩინებები განცხადებით გამოითხოვა ძმები ყარამანიშვილების იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა. 

"სახეზე არის სრული სამართლებრივი აბსურდი, დაყადაღებულია იმ კომპანიის საკუთრება და აკრძალული აქვს კომპანიას მოქმედება, რომელიც აღარ არის მხარე. ჩვენ დღეს ეს უზენაესს სასამართლოს შევახსენეთ. ჩვენ დღეს მოვითხოვეთ განცხადებით დასაბუთებული განჩინების, იმ განჩინების გადმოგზავნა, რომლითაც წარმოებაში მიიღეს ჩვენი საკასაციო საჩივარი. უჩვეულოა, როცა ინიშნება საქმის არსებითი განხილვა, თუნდაც ზეპირი მოსმენის გარეშე. მაგრამ, ამ ეტაპზე მიღებულიც კი არ გვაქვს დასაბუთებული განჩინება თუ რის მიხედვით მოხდა ამ საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღება," - აცხადებს ბიბილაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სხდომა უზენეს სასამართლოში ორშაბათს გაიმართება. 

 ავტორი ნათია ტრაპაიძე. 

დღის ამბები