19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ფორსირებული შეტევა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად - ტელეკომპანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ბოლო ინსტანციაში ხვალ იწყება. რამდენიმე საათში დახურულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ტელეკომპანია საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელს განიხილავს. გადაწყვეტილებას მოსამართლეები ისე მიიღებენ, რომ არ მოისმენენ მხარეთა პოზიციებს, სხდომა კი დახურული იქნება. ზეპირი მოსმენის შესახებ მოთხოვნა სასამართლომ არ დაკმაყოფილდა. 

არ არის გამორიცხული უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად კვლავ სააპელაციო სასამართლოში დააბრუნოს, მით უფრო მაშინ, როცა განჩინებაში, რომელიც რუსთავი 2-ის იურისტებს სასამართლოსგან გადაეცათ წერია, რომ წინა ინსტანციაში ანუ სააპელაციო სასამართლოში პროცესი დარღვევებით წარიმართა. 

"სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ რეალურად სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საქმე საპროცესო დარღვევებით წარიმართა. რეალურად მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას,"- აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

შესაძლოა სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება განხილული იყოს შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა რამდენიმე დღის წინ შეიტანა სასამართლოში. შუამდგომლობა რუსთავი 2-სთვის ყადაღის მოხსნას ეხება. 

როგორც ცნობილია უკვე წელიწადზე მეტია, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სამაუწყებლო კომპანია ვერ ახერხებს ბანკებთან თანამშრომლობას და სხვა რიგი პრობლემების მოგვარებას, რაც ტელეკომპანიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. 

"წელიწადნახევარია ქონება გვაქვს დაყადაღებული. ეს იმ ფონზე როცა სარეკლამო ბაზარი შემცირდა, ლარი გაუფასურდა. ტექნიკური პარკი გასაახლებელია. მე ზოგადად არ წარმომიდგენია ბიზნეს კომპანია, რომელსაც არ აქვს წვდომა ბანკებთან. ასეთები ვართ ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი კი ამბობს, რომ ყადაღა სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა, ვინაიდან ხალვაშის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2 როგორც მხარე პროცესში აღარ მონაწილეობს. 

"ხალვაშმა უარი თქვა საავტორო უფლებებზე და რუსთავი 2 როგორც მხარე სარჩელიდან ამოირიცხა. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა ყადაღა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ახლა ჩვენ მივმართავთ უზენაესს განიხილოს ეს საკითხი,"- აცხადებს რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი. 

უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციაა ქვეყნის შიგნით, სადაც მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება. 

"დღეს გვაქვს ერთი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს ორშაბათს პასუხი-დაიკიდებს თუ არა ფეხებზე ქვეყნის მმართველი ოლიგარქი საერთაშორისო კონიუქტურას, მოსახლეობას, კონსტიტუციას და დაასრულებს თუ არა ქვეყნის უზურპაციას რუსთავი 2-ის წაღებით. მე მინდა დავპირდე მას, რომ თუ ის რუსთავი 2-ის წაღებას შეეცდება, ეს ლუკმა აუცილებლად  გაეჩხირება მას ყელში,"- აცხადებს ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.  

ავტორი: ნოდარ მელაძე.

 

დღის ამბები