19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"ეს არ არის სამართლებრივი დავა" - თამთა მურადაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმე საბოლოო სასამართლო ინსტანციაშია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორედ დღეიდან იწყებენ მსჯელობას საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოებმა შარშან, აგვისტოში დაიწყეს.

ამ დროისთვის უცნობია, რომელ საათზე შეიკრიბება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომლებმაც უნდა განიხილონ რუსთავი 2-ის იურისტების საკასაციო სარჩელი.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე იმართება და სხდომას მხოლოდ მოსამართლეები დაესწრებიან, უცნობია, ასევე რა დრო დასჭირდებათ მოსამართლეებს გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში.

რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე, დადებითი მოლოდინი არ აქვთ.

„საკითხი შეიძლება ორ ჭრილში განვიხილოთ, პირველი თუ სუფთა სამართლებრივი კუთხით შევხედავთ და ჩავთვლით, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით, მაშინ წარმოუდგენელია დადგეს სხვა შედეგი, გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაუქმდეს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს. თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა. ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დავა, სხვანაირი შედეგი გვექნებოდა დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოსამართლეების იმედად, კერძოდ მათი დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმის, პიროვნული სიძლიერის იმედად,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტები არ გამორიცხავენ, რომ უზენაეს სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს, რადგან მათი განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ სხდომა ისე ჩანიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის ამოწურვას არ დაელოდა.

დღის ამბები