რუსთავი 2 მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინშია. უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვა რამდენიმე საათის წინ დაიწყო, თუმცა როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება უცნობია. სასამართლომ შესაძლოა გადაწყვეტილება ნებისმიერ დღეს 2017 წლის 25 იანვრამდე გამოაცხადოს. სწორედ იანვარში ეწურება სასამართლოს კანონით საქმის განსახილველად გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა.
პროგნოზის გაკეთება, წინა ორ ინსტანციაში წარმართული პროცესებიდან გამომდინარე, იურისტებს უჭირთ, სასამართლომ კი სამიდან ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთი ვერსიით სასამართლო საქმეს განსახილველად უზენაეს სასამართლოში დააბრუნებს, ასევე კოლეგიას შეუძლია რუსთავი 2 მოქმედ მფლობელებს დაუტოვოს, ან მიიღოს გადაწყვეტილება და სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს გადასცეს.
სასამართლოში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. დღეს კი რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა მოსამართლეებსა და საზოგადოებას მიმართეს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმით ქვეყნის მომავალი განისაზღვრება და არა მხოლოდ სამაუწყებლო კომპანიის ბედი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულების პროცესი იწყება, რადგან საქართველოში ეს სასამართლო სისტემის ბოლო ინსტანციაა.
იმ შემთხვევაში თუ კოლეგიის გადაწყვეტილება რუსთავი 2-სთვის მიუღებელი იქნება აღსრულების პროცესის პარალელურად საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება და სასამართლო პროცესები სწორედ იქ გაგრძელდება.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.