არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლება მედიასივრცეზე სრული კონტროლის დამყარებას შეეცდება და ამიტომ დღეს რუსთავი 2-სთვის გადამწყვეტი ბრძოლაა - ასე ეხმიანება ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სამაუწყებლო კომპანიის საქმეს.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მოვლენების განვითარების არცერთი სცენარი არ გამოირიცხება, რადგან დღეს გადაწყვეტილებას არა უზენაესი სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო კონტროლირებადია მთლიანად ივანიშვილის მხრიდან, უზენაეს სასამართლოს დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მოუწევს შეეწინააღმდეგოს საკუთარ თავს. თუმცა, ჩვენ ამ სცენარსაც არ გამოვრიცხავთ, ვინაიდან ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს ნაცვლად, ის არის არაფორმალური მმართველი და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროტესტის არცერთ ფორმას, მათ შორის მწვავე პროტესტსაც კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებულს,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.
მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მხოლოდ ორ კერძო პირს შორის დავაა და მეტი არაფერი.
“ერთი მხარე ყოველთვის იქნება უკმაყოფილო ამ პროცესის დროს. როდესაც იხილება საკუთრებასთან დაკავშირებული დავა და ეს არის კერძო პირებს შორის ურთიერთობა და ეს დავა არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ეს დავა დაიწყო ხელისუფლების შეცვლამდე, ერთნაირად უნდა იყოს გავრცელებული საკუთრების დაცვის გარანტიები, კონსტიტუციური სტანდარტი, მედიის მიმართ პატივისცემა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ მოხდეს არავის მხრიდან პოლიტიკური ჩარევა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.