საქართველოს პრეზიდენტი რუსთავი 2-ის საქმესა და მედიაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა გააკეთა.
ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავი 2-ის და სხვა მედიასაშუალებების გარშემო მიმდინარეობს, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, გარემო თვისობრივად გაუმჯობესებულია, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესებმა არა ერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედია თემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.