19 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
რუსთავი2 ახალ, უკვე დიდი პალატის გადაწყვეტილებას ელოდება

რუსთავი2-ის საქმეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს. კოლეგიამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ რუსთავი2-ის სარჩელებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ეს მისია უკვე დიდ პალატას დააკისრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვას უკვე მოსამართლეების 9-კაციანი შემადგენლობა დაიწყებს.

დიდი პალატა განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს და მასში მონაწილეობას მიიღებენ იმ კოლეგიის წევრებიც, რომლებმაც დღევანდელი გადაწყვეტილება გამოაცხადეს. საქმის განხილვას კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს ან მისი დავალებით ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

სულ პალატაში 11 წევრია, მათგან კი 9 უნდა შეირჩეს, რომელიც საქმეს განიხილავს.

 

რუსთავი2-ის იურისტები თვლიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან თუ მოსამართლეები თვლიან, რომ საქმე იშვიათი სამართლებრივი პრობლემის შემცველია, მაშინ მხარეებისთვის უნდა მიეცათ საშუალება, დასწრებოდნენ პროცესს, რაზეც უარი თავად მოსამართლეებმა თქვეს და არ დააკმაყოფილეს იურისტების შუამდგომლობა საქმის ზეპირი განხილვის შესახებ. 

რუსთავი2-ის იურისტები, დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი, ამბობენ, რომ მიღებული გადაწვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მოსამართლეების პოზიციებს შორის. 

დიდ პალატაში საქმის განხილვის დაწყების პარალელურად, სასამართლოში რუსთავი2-ის იურისტები კიდევ ერთხელ შეიტანენ შუამდგომლობას საქმის ზეპირი განხილვის შესახებ. რომელიც სხდომაზე მხარეების დასწრებას ითვალისწინებს. 

სასამართლოს რუსთავი2-ის სარჩელების განსახილველად იგივე ვადა აქვს, ანუ იანვრის ბოლომდე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სხვადსხვა მიზეზით ეს ვადა დაირღვეს.  

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე 

დღის ამბები