რუსთავი2-თან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მთავრობის წევრებს ბრიუსელში მოუწევთ, სადაც დეკემბრის დასაწყისში ვიზიტია დაგეგმილი. დღეს კი პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამ თემაზე საუბარი კურიერთან არ ისურვა.
ხელისუფლების პოზიცია მმართველი გუნდის სხვა წევრებმა განმარტეს. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას ქართული ოცნება გამორიცხავს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომ საქმე დიდმა პალატამ განიხილოს, მოსამართლეების დამოუკიდებლობით ხსნიან.
რუსთავი2-ის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების კონკრეტულ სურვილს უკავშირებს. თუ უკანონო გადაწყვეტილებას დიდი შემადგენლობა მიიღებს, მისი ლეგიტიმაცია უფრო მაღალი იქნება.
თუ დიდი პალატა სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, ეკა გიგაურის აზრით, თავისუფალი მედიის გარდა, პრობლემები საკუთრების უფლებასაც შეექმნება. ეს პრეცედენტი კი, მისი თქმით, ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალი იქნება.
არასამთავრობოები რუსთავი2-ის საქმის განხილვას დიდ პალატაშიც დააკვირდებიან და იმედოვნებენ, რომ საკითხზე მსჯელობა ზეპირი მოსმენის გარეშე აღარ გაგრძელდება.
კითხვებს, რომელიც უცხოელ პარტნიორებს, ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორს აქვს, პრეზიდენტის აზრით, პასუხები უნდა გაეცეს. დღეს რუსთავი2-ის საქმეზე განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა გააკეთა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე