ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავი2-ის მიმართ არსებული პროცესების „დირიჟორად“ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. მისი თქმით, დიდი პალატა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ამის შესახებ ელისო კილაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„ამ ყველაფრის დირიჟორი არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მიიღებს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის წინააღმდეგ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით იმ კოლეგიაში ხუთ კამიკაძეს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
კილაძემ გადაცემა არჩევანში მედიაში მოსალოდნელ სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დიდი გადაადგილებები ქართულ მედიასივრცეში ახალ წლამდე მოხდება. მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე ჩაიბარებს, რომელიც ახლა ტელეკომპანია GDS-ს ხელმძღვანელობს. თავად GDS კი მალე დაიხურება, რადგან "მისი შენახვა ივანიშვილს ძვირი უჯდება და მან არც საარჩევნოდ დადო სასურველი რეიტინგი".
ელისო კილაძის მტკიცებით, ცვლილებები იგეგმება მაესტროზე, საიდანაც რამდენიმე წამყვანი სახე ტელე-იმედზე გადავა. ასევე დაიხურება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ელისო კილაძის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და სუს-ის მიერ კონტროლდებოდა.